Wednesday, June 20, 2012

Psychology

   


     ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
     ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.
     პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.
     ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.
შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?
თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.„ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ მოკლე ისტორია“- წერდა ჰერმან ებინჰაუსი. ფსიქოლოგიის საწყისები ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაისახა, თუმცა როგორც მეცნიერება მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს.

ფსიქოლოგიის ძირითადი განხრები

ფიქოლოგიის ძირითადი განხრებს წარმოადგენს:



1.ზოგადი ფსიქოლოგია შეისწავლის ზრდასრული, ნორმალური, კულტურის თანამედროვე დონეზე მყოფი ადამიანის ფსიქიკის ზოგად კანონზომიერებებს.
2.დიფერენციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ სხვაობებს, იმ თავისებურებებს, რომლებიც ახასიათებს სხვადასხვა ტიპის, ასაკის, სქესის, პროფესიის თუ ეროვნების ადამიანებს, აგრეთვე კონკრეტული პიროვნებების ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
3.გენეტიკური ფსიქოლოგია შეისწავლის ისეთ ფსიქიკურ კანონზომიერებებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადამიანის ევოლუციის პროცესში, არა კულტურული განვითარების სტადიაზე.
4.სოციალური ფსიქოლოგია ადამიანის, როგორც სზოგადოებრივი არსების ფსიქიკურ თავისებურებებს იკვლევს. მისთვის ნიშანდობლივია საზოგადოების გავლენა ინდივიდზე.
5.პათოფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკის ანომალიურ, პათოლოგიურად შეცვლილ ფორმებს, რაც თავს იჩენს ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევებში.
6.ასაკობრივი ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის განვითარებას და ცვალებადობას ონტოგენეზში, ე.ი. მისი ცხოვრების განმავლობაში-დაბადებიდან სიკვდილამდე.
7.ორგანიზაციული ფსიქოლოგია შეისწავლის პროფესიული შრომის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ამ პროცესის რაციონალიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით. ასევე სამუშაო პირობების ადეკვატურობასა და შრომისუნარიანობის ზრდას.

Id Ego and Superego Freud


ხელოვნების ფსიქოლოგია

 
      ფსიქოლოგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. იგი შეისწავლის მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიურ მექანიზმსა და პიროვნების თავისებურებების გამოვლენას ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და მისი აღქმის პროცესში.ხელოვნების ფსიქოლოგიის ტრადიციულ პრობლემებად მისი სხვადასხვა სახეები - ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, თეატრი, არქიტექტურა და სხვ. გვევლინება, მისი არსებობის ყველა ეტაპზე, დაწყებული ჩანაფიქრიდან ნაწარმოების შექმნამდე და მისი აღქმის და შეფასების პროცესამდე.
     ხელოვნების ფსიქოლოგია მიზნად ისახავს იკვლიოს მხატვრული სახის წარმოქმნის, გამოცდილების, შთაბეჭდილების გადამუშავების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და გააზრების ფსიქოლოგიური მდგომარეობების პრობლემები, ასევე პიროვნების აქტიურობისა და მისი მიმართულების, მხატვრული უნარებისა და ტალანტის პრობლემები, აგრეთვე განიხილავს პერსონოლოგიის (პერსონოლოგია - მოძღვრება პიროვნების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე) საკითხებს ლიტერატურასთან მიმართებაში. მისი მიზანია ისიც, რომ იკვლიოს აღქმის ფსიქოლოგიური მექანიზმები მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურის ადეკვატურად, მხატვრული უნარების ფორმირება, მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბება, ხელოვნებასთან დაკავშირებული ესთეტიკური საკითხები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ლიტერატურულ ნაწარმოებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად ორიგინალური მიდგომა შემოგვთავაზა ცნობილმა ფსიქოლოგმა ლ. ვიგოტსკიმ, რომელსაც ხელოვნების ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვნად მიაჩნია ადამიანთა ესთეტიკური რეაქციის ფსიქოლოგიური მექანიზმის პრობლემა. მისი აზრით, ეს ესთეტიკური რეაქცია პროგრამირდება თვით მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურით.

ტემპერამენტის ტიპები

      ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ტემპერამენტის ტიპებია: სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.
      ტემპერამენტთა კლასიფიკაცია გარკვეულ თვისებათა განყენებას ეყრდნობა, რის შედეგადაც ადამიანთა ტემპერამენტების უსაზღვრო მრავალსახიანობა ოთხ ძირითად ტიპად არის დაჯგუფებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად რომელიმე ერთ ტიპს ეკუთვნის. უფრო ხშირად ადამიანები წარმოადგენენ ნარევ ტიპს ერთერთისკენ მეტნაკლები გადახრით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ძირითადად სანგვინიკური ტიპის იყოს, მაგრამ ზოგიერთი ქოლერიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდეს.
     ადამიანის ეს ფსიქიკური თვისება — ტემპერამენტი, პირველად აღწერა და მისი პირველი ცნება, ისევე როგორც ტემპერამენტთა კლასიფიკაცია მოგვცა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ (ძვ. წ 460 — ძვ. წ. 370), რომელიც მედიცინის მამამთავრად არის მიჩნეული. ჰიპოკრატე თვლიდა რომ ორგანიზმში არის ოთხი სითხე — სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში და ლორწო, რომელიც აცივებს ორგანიზმს (სიცივეს ინახავს). ხოლო ტემპერამენტის თავისებურებას განსაზღვრავს ის, თუ რომელი სითხე ჭარბობს ადამიანის ორგანიზმში.


სანგვინიკური ტემპერამენტი 

     სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან „სანგუის“ (ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.
     ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.

ქოლერიკული ტემპერამენტი
 
      „ქოლე“ (ბერძნ. χολή) ნიშნავს ნაღველს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.
     ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.




ფლეგმატიკური ტემპერამენტი

     „ფლეგმა“ (ბერძნ. φλέγμα) ნიშნავს ლორწოს. ჰიპოკრატეს აზრით ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.
     ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.




მელანქოლიკური ტემპერამენტი 

     „მელან ქოლე“ (ბერძნ. μελας — შავი; χολη — ნაღველი) მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.
     ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.

ანა ოუს ამბავი


   ზიგმუნდ ფროიდი 1880-1882 წლებში თავის მასწავლებელ დოქტორ ბრუერთაბ ერთად იკვლევდა ბრუერის პაციენტის, მეტსახელად ანა ოუს ძალზე განსაკუტრებულ შემთხვევას. 21 წლის ანა ოუ დღის უმეტეს ნაწილს ინვალიდი მამის მოვლაში ატარებდა, როცა მას მტანჯველი ხველა დაეწყო. დამტკიცდა, რომ ამ ხველას ფიზიოლოგიური გამომწვევი მიზეზები არ გააჩნდა. ანას მეტყველებაც გაუჭირდა, მალე სრულებით დამუნჯდა. როცა მეტყველება აღუდგა, ანა მხოლოდ ინგლისურად საუბრობდა, მაშინ როცა მისი მშობლიური ენა გერმანული იყო.
      მამის სიკვდილის შემდეგ უარს ამბობდა ჭამაზე, განუვითარდა დამბლა, გრძნობა დაკარგა ხელებში და ხშირად ხედვითი ჰალუცინაციებიც ჰქონდა. მაგრამ ექიმებმა ისევ ვერ იპოვეს გამომწვევი მიზეზები.
     ანა ოუს ჰქონდა ზღაპრული წარმოსახვები. ბრუერის დიაგნოზი იყო ისტერია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზი არაფიზიოლოგიურია. ანას ხშირად ემართებოდა შეტევა, როგორც თვითონ უწოდებდა „ღრუბლებში“ ვარდებოდა. ბრუერი კი ამ მოვლენას „სპონტანური ჰიპნოზის“ სახელით განმარტავდა. ასეთი შეტევის დროს ანა ხშირად ბოდავდა მთელი დღის განცდილი გრძნობებისა და დანახული ჰალუცინაციების შესახებ. მათი მოსმენით ბრუერმა არა ერთი ავადმყოფური სიმპტიმის ახსნა შეძლო. ერთხელ ანამ დიდი ხნით თქვა უარი წყლის დალევაზე. ეს გამოიწვია მისმა სიზმარმა, თითქოს ქალი იმ ჭიქიდან სვამდა წყალს, რომლიდანაც ძაღლს ჰქონდა დანალევი. ამ სიზმრის გამო ყოველ ჯერზე წყლის დანახვისას ანას გული ერეოდა.
       მალე ანა დოქტორ ბრუერს გვერდიდან არ შორდებოდა. ზიგფრიდი ხვდებოდა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. ანა ოუმ თქვა, რომ იგი ბრუერისგან ორსულად იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ანას ავადმყოფურმა წარმოსახვამ განავითარა ისტერიული ორსულობა. ბრუერს ოჯახი ჰყავდა და ამ ფაქტმა სურვილი დაუკარგა ანა ოუზე გამოკვლევები გაეგრძელებინა.
თერთმეტი წლის შემდეგ ფროიდმა და ბრუერმა ანას მაგალითზე ისტერიის შესახებ წიგნიც გამოსცეს. დიდი ცხოვრებისეული ტრაუმა, რომელიც ილექება ადამიანის ცნობიერებაში, ხდება გამომწვევი მიზეზი მსგავსი ისტერიული გამოვლინებებისა. როცა ადამიანის გონებაში დაგროვილია სტრესი და გაუმხელელი გრძნობები, ისინი ისტერიული სიმპტომების სახით გამოვლინდებიან ხოლმე. მოგვიანებით ფროიდმა განავრცო ის, რაც ბრუერს სახალხოდ არ გამოუქვეყნებია - გაუმხელელი სექსუალური მისწრაფება და დაუკმაყოფილებლობა არის საფუძველი ყველა მსგავსი ისტერიული ნევროზისა.
       მომხდარის შემდეგ ანა ოუ სანატორიუმში ცხოვრობდა. მალე იგი გერმანიის წარმატებული სოც-მუშაკი გახდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ბერტა პაპენჰეიმია, თუმცა იგი უმრავლესობისთვის ცნობილია როგორც ანა ოუ, ზიგმუნდ ფროიდისა და იოსებ ბრუერის გენიალური თეორიის შთაგონების საგანი. ანა ოუ გარდაიცვალა 1936 წელს.

ბავშვთა ფსიქოლოგია

   დაბადების მომენტიდან ბავშვი აქტიურად იკვლევს უშუალოდ მის გარშემო მყოფ სამყაროს, პირველ რიგში მის სიახლოვეში მოძრავ ან ცვალებად ობიექტებს. პარალელურად მიმდინარეობს მისი სმენითი და ვიზუალური აღქმის კოორდინაცია. ანუ ამ ეტაპზე ბავშვისათვის დამახასიათებელია კვლევითი ქცევა.
    ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპის მახასიათებელია მისი მოტორული განვითარება. სხვა და სხვა ასაკის ბავშვთა მოძრაობითი ქცევის დაფიქსირებისა და ანალიზის საფუძველზე იელის (ა.შ.შ.) უნივერსიტეტის მკვლევარმა ა. გეზელმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს ბავშვის ასაკის შესაბამისი მოტორული განვითარების კანონზომიერებები. ამის გარდა მათ გამოიკვლიეს ბავშვის მეტყველებითი და ადაპტიური ქცევა, მისი ქცევა ჯგუფში. ამ კვლევებს ძირითადად ეყრდნობა ფსიქიკური განვითარების თანამედროვე სკალები, მათ შორის ბეილის სახელწოდებით ცნობილი სკალები, რომლებიც იძლევიან საშუალებას შევაფასოთ ორი წლის ასაკამდე ბავშვის მოტორული, მეტყველებითი და ადაპტიური განვითარება.

    ემოციური განვითარება. ერთ ერთი საინტერესო ჰიპოთეზის თანახმად ბავშვის განვითარების საწყის ხანას ახასიათებს შეზღუდული რაოდენობის, ეგრეთწოდებული, საბაზისო თანდაყოლილი ემოციები, რომლებსაც იგი ავლენს თანდათან. ამ ემოციათა რიცხვს მიეკუთვნება შიში, უკმაყოფილება, განრისხება, სიხარული, გაკვირვება და რიგი სხვა.
- მათ იწვევენ სპეციფიკური სიტუაციები
- ისინი ხასიათდებიან შესატყვისი (გამოსაცნობი) სპეციფიკური მიმიკური გამომეტყველებით
- მათ თან ახლავთ ასევე შესატყვისი ქცევა
  მაგალითად, ბავშვის მოძრაობაში ან ქმედებაში ჩარევა იწვევს მის გარისხვას და ამ ემოციას თან მოჰყვება შესატყვისი მიმიკა და ქცევა, რომელთა ამოცნობაც ადვილია ადრეული ასაკიდანვე.
  სოციალური განვითარება. ორი თვის ასაკიდან ბავშვი ღიმილით ასახავს იმას, რომ იცნო დედა ან ახლობელი ადამიანები, ხოლო ექვსი,შვიდი წლის ასაკში ის ღიმილით ასახავს მხოლოდ მისთვის კარგად ცნობილი ადამიანების დანახვას, უცნობებს კი უკვე თავშეკავებულად ხვდება. უცნობი ადამიანის გამოჩენა მის სიახლოვეში შესაძლებელია შიშიც კი გამოიწვიოს. ამ სახის გამოვლენები ადასტურებენ სოციალურად მნიშვნელოვან უნარს - გამოიცნოს ”ახლობელი” და ”უცხო”. ბავშვთა შორის ურთიერთობების პროცესი ვითარდება შემდგომ ასაკებში. თუ ერთ წლამდე ასაკის ერთად მყოფი ორი ბავშვი, როგორც წესია, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ერთმანეთს, შემდეგ ასაკებში უკვე იწყებენ ურთიერთობას. ორი წლის ასაკის ბავშვის თამაში თავისი არსით არ წარმოადგენს ერთობლივ ქმედებას და თვითოეული მათგანი თამაშობს თავისთვის ცალკე, შემდგომ ასაკებში თამაში ნელ-ნელა ხდება სოციალურად ორიენტირებული. მაგალითად, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვი მარტოხელა თამაშობს მხოლოდ ნახევარ დროს, მეორე ნახევარს უთმობს სხვა ბავშვთან ურთიერთ ქმედებას. ანუ ამ ასაკში მათ უკვე უჩნდებათ ერთობლივი და ჯგუფური თამაშის სურვილი. წინა სასკოლო ასაკში თამაშების სოციალური სტრუქტურა უფრო რთულდება და ამ თამაშებში წარმოჩნდება და მტკიცდება უკვე გამოკვეთილი სოციალური როლი.

   ყრმობა და წინა სასკოლო ასაკი. სამ წლამდე ბავშვი აღწევს დიდ წარმატებებს თავის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში. დაბადებიდან გაჩენილი რიგი უპირობო რეფლექსების (კვებითი და სატაცი რეფლექსები) საფუძველზე ბავშვებს უვითარდება დროებითი პირობით - რეფლექტორული კავშირები და საკვების მიღებასთან დაკავშირებული (სუნი, ფერი, ბგერა, ხმა, შეხება და ა.შ.) დადებითი რეაქციები. ბავშვი იწყებს შიდა და გარე გამაღიზიანებლების ანალიზს, მას უჩნდება გარშემო არსებული გარემოს რეალობის აღქმა. განსაკუთრებულად ის აღიქვავს დედასთან ურთიერთობას. დედა მისთვის წარმოადგენს არსებას, რომელსაც ის უკავშირებს დადებითი ზეგავლენების შეგრძნებასა და უარყოფითების მოცილებას. დედის მიმართ მისი დადებითი რეაქცია გამოიხატება ღიმილით, ჩუმი, სიხარულით აღსავსე ბგერების გამოცემით, ხელების მოძრაობებით. ამ რეაქციას სპეციალისტთა ნაწილი პირობითად ეძახის ”გამოცოცხლების” რეაქციას, მას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ბავშვის შემდგომი ფსიქიკური განვითარების პროცესში: ბავშვი ავითარებს ემოციურ კონტაქტს გარშემო მყოფ ადამიანებთან, ყურადღებით აღიქვავს მათ ხმებსა და ქმედებებს, ის იძენს ბავშვურ გამოცდილებას და მას უჩნდება მეტყველების განვითარების წინაპირობები.
    სკოლამდელი ასაკი. ამ ასაკში ბავშვის ფსიქიკა აღზრდის მეშვეობით აგრძელებს განვითარებას , მისი ზეგავლენით იზრდება და შინაარსობლივად მრავალფეროვანი ხდება დროებითი კავშირების მარაგი. ახალი დროებითი კავშირების განვითარებაზე და ბავშვის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს წინა ეტაპებზე დაგროვებული გამოცდილება. მისი ქცევა და მოქმედება ხდება უფრო გააზრებული. საკმაოდ სწრაფად და ადვილად სკოლამდელ ასაკში წარმოიქმნება დადებითი პირობითი რეფლექსები. მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება ”პირობითი შეკავების (დამუხრუჭების)” განვითარებაში. ბავშვები სწავლობენ თავშეკავებას, უფროსების მიერ აკრძალული ან თანატოლებში მიუღებელი ქცევისაგან. იზრდება ემოციათა მრავალფეროვნება და მათი სირთულე. განსაკუთრებულად იკვეთება ”მეორე სასიგნალო სისტემის” - სიტყვის როლი ბავშვის მიერ გარემოს შესწავლის პროცესში, მის ქცევასა და მოქმედებაში.

    სასკოლო ასაკი. ბავშვები სწავლას იწყებენ სკოლამდე, მაგრამ სასკოლო ასაკამდე ის არ წარმოადგენს მათ დამოუკიდებელ ქმედებას: საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში, ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობაში ბავშვი უფროსი ადამიანის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. სკოლამდელი ასაკის სწავლების პროცესი, რა თქმა უნდა, რთული ხასიათისაა. აქ ახალი ინფორმაციის (მასალის) აღქმასთან ერთად თამაშსა თუ პრაქტიკულ საქმიანობაში მას უყენებენ ახალ სასწავლო ამოცანებს, როგორიცაა, მაგალითად, დიდაქტიკური ხასიათის თამაშები და დავალებები. მაგრამ ამ ეტაპზე სწავლა ჯერ კიდე არ გამხდარა მის ძირითად მოვალეობად და არ იქცა მისი ცხოვრების ძირითად შინაარსად. ეს თავის თავად იცვლება სასკოლო სწავლის პროცესში ჩართვის მომენტიდან. მის გარემოში არსებული საგნებისა თუ მოვლენების თაობაზე ზოგადი და კონკრეტული წარმოდგენებიდან მის წინაშე დგება თვისობრივად ახალი ამოცანები: უნდა ეუფლებოდეს მეცნიერების საწყის საფუძვლებს,მეცნიერულ ცნებათა განსაზღვრულ სისტემას. ბავშვის სწავლა უკვე არ წარმოადგენს მხოლოდ მის პირად საქმეს, ის იძენს უფრო მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო დანიშნულებას. სწავლის პროცესი, მოთხოვნები, რომლებსაც უყენებს ბავშვს სკოლა, დიდ წილად განსაზღვრავენ ცვლილებებს მის ნერვიულ სისტემაში და მის ფსიქიკაში მთლიანად. უფრო დიდ მნიშვნელობას დროებითი კავშირების წარმოქმნაში იძენს სიტყვა, როგორც მეორე სასიგნალო სისტემა. სკოლაში ბავშვის სწავლა წარმოადგენს უდიდეს საზოგადოებრივ და სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენას.

შვიდი ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი

ნებისმიერი ადამიანის შინაგანი კონფლიქტის მიზეზი, ძირითადად, სექსუალური და აგრესიული იმპულსები და დაძაბულობაა. ჩვეულებრივ ეს კონფლიქტები მცირე დროში თავისთავად გვარდება ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ასე არ ხდება. ჩვენი შინაგანი კონფლიქტები შეიძლება, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ძალიან დიდი ზიანიც მოგვაყენოს. ჩვენ ხშირად ვტირით, ვნერვიულობთ, რადგან ვშფოთავთ და ეს ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომლებიც გვიცავენ ისეთი უსიამოვნო ემოციებისა და შეგრძნებებისგან, როგორიცაა, თუნდაც, შფოთვა.

არსებობს შვიდი თავდაცვითი მექანიზმი, ესენია: 


1. რაციონალიზაცია  - ის, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი, სავარაუდოდ, ყოველდღე აკეთებს: იგი განიმარტება, როგორც „საკუთარი მიუღებელი ქცევისთვისთვის თუნდაც ყალბი, მაგრამ ეფექტური გამართლების მოძებნა (საკუთარ გონებაშივე)“. მაგალითად, რაციონალიზაციაა, როდესაც ადამიანი ფულს პარავს თავის მდიდარ მეგობარს და საკუთარ თავს ეუბნება: „ის მდიდარია და ეს მისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება“.

 2. იდენთიფიკაცია - „ინდივიდის სხვა ადამიანებთან, სოციალურ ჯგუფებთან, სოციუმთან თვითგაიგივების ფსიქიკური პროცესი თვითშეფასების გასამყარებლად“. პრობლემების გადავიწყების ამ აბსოლუტურად ჩვეულებრივ მეთოდს საკმაოდ ხშირად მიმართავენ: განსაკუთრებით, დაუცველი ადამიანები (ან ისეთი ადამიანები, ვინც თავს დაუცველად გრძნობენ). ამის მაგალითია ადამიანების შეერთება სპორტულ გუნდთან, რომელიმე საძმოსთან, ელიტურ ჯგუფთან, ან, თუნდაც, რომელიმე სუბკულტურასთან.

3. მიმართულების შეცვლა - ემოციების ან გრძნობების (ძირითადად, ბრაზის) მიმართვა მათი ნამდვილი გამომწვევი მიზეზიდან სხვისკენ (ძირითადად, უფრო სუსტისკენ). ასეთი რამ უფრო მეტად ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ქმარი ცოლს ხშირად ეჩხუბება. დედას თავისი ბრაზი ვაჟიშვილზე გადააქვს, შედეგად ბიჭი თავის უმცროს დას უყვირის, შემდეგ და ძაღლს დაარტყამს, ხოლო ძაღლი კატას კბენს. ასეთივე შემთხვევაა, როდესაც მოკრივე საკუთარ ფრუსტრაციას (ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარკვეული სირთულით, დაბრკოლებით, მიზნის მიღწევის გზაზე) მოწინააღმდეგეზე, ან სავარჯიშო ტომარაზე ანთხევს.

4. პროექცია - ადამიანის მიერ საკუთარი გრძნობების, ფიქრებისა თუ მოტივების ქვეცნობიერად სხვისთვის მიწერა. ეს თვისება სრულიად არ არის უჩვეულო. მაგალითად, როდესაც გაბრაზებულ გულზე ირგვლივ მყოფებს ვადანაშაულებთ, რომ ისინი მტრულად და ანტაგონისტურად განწყობილნი არიან. პროექციაა, ასევე, როდესაც პროფესიონალ პაროდისტს ჰგონია, რომ ყველა მის წაბაძვას ცდილობს (ისევე, როგორც თვითონ აკეთებს ამას).


5. რეგრესია - გამოუცდელი, უმანკო ქმედებისკენ მობრუნება“. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა, როდესაც თინეიჯერი მშობლების მიმართ აგრესიას გამოხატავს, უყვირის მათ, როდესაც მას არდადეგებზე ექსკურსიაზე წასვლის უფლებას არ აძლევენ. შემდეგ კი პირიქით, არბილებს საქციელს, რათა მათი გული მოიგოს.

6. რეაქციის ფორმირება - ერთერთი ყველაზე უცნაური ფისიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ადამიანს აქვს, რადგან იგი არის აქცევა, როდესაც ადამიანი საკუთარი მოქმედებით თავის გრგნობებსა და განცდებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. მაგალითად, როდესაც ურთიერთობაში სიტყვები „მე ის მეზიზღება“ იცვლება სიტყვებით „მე ის მიყვარს“. ან, როდესაც უფროსი აწინაურებს ისეთ თანამშრომელს, რომელზეც, რეალურად, გაბრაზებულია. 


7. რეპრესია - საფუძვლად უდევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და, ალბათ, მათ შორის ყველაზე უცნაურიცაა. იგი განისაზღვრება, როგორც „უსიამოვნო ფიქრებისა და გრძნობების ქვეცნობიერში დამარხვა“. რეპრესირებული მოგონებების გამო ძალიან ბევრი დაპირისპირება მომხდარა და საკმაოდ ბევრი დანაშაულიც. მოგონება, რომ პატარა გოგონას აწყენინეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიარულიც არ იცოდა, შეიძლება ბავშვს ქვეცნობიერში დაელექოს და ასაკთან ერთად აბსოლუტურად დაავიწყდეს კიდეც მანამ, სანამ წლების შემდეგ მეხსიერებაში უეცრად არ ამოტივტივდება. პრობლემა ამაში ისაა, რომ ასეთი მოგონებები ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეპრესირებული ფაქტები საკმაოდ ზუსტი აღმოჩენილა.